Monthly Archives: January 2012

ვირი რომ ხეზე ავა

   წიგნს რომელსაც ამჟამად ვკითხულობ და ძალიან მომწონს  დათო ტურაშვილის “ამერიკული ზღაპრებია”  (მხოლოდ დიდებისთვის).  ძალიან საინტერესო ინფორმაციით გადაჭედილი რომანია, რომლიდანაც საინტერესო მონათხრობებს  (ფაქტების შესახებ) ბლოგზე განვათავსებ, თუ ჩემი აღფრთვოვანება ვერ დავმალე და თუ აქამდეც არ მქონდა გაგონილი.

ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მთვარეზე გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მომენტისთვის წინასწარ მოუმზადეს. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა დედამიწასთან შეუთანხმებელი ტექსტიც, რომლითაც არმსტრონგმა ვიღაც თანამოქალაქეს მიმართა:
- Good luck mister Gorsky!..

   მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი მთვარიდან წარმატებას.

 დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველივე პრესკონფერენციაზე ასტრონავტს სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა სთხოვეს, მაგრამ ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა – ჯერ მისტერ გორსკი ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ ყოველ ინტერვიუში ისევ იმავეს ეკითხებოდნენ, მაგრამ ლეგენდარული ასტრონავტი ისევ ჯიუტად დუმდა და როგორც იქნა, რამდენიმე წლის შემდეგ (მისტერ გორსკი რომ ცოცხალი აღარ იყო), ამსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოც ახსნა.

   თურმე გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ, თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან სახლის ოთახში უცნაური სცენა დაინახა – მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე დათანხმებისკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, ამას მერე მივხვდიო – არმსტრონგმა), ცოლი კი ღიმილით პასუხობდა – მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე რომ ფეხს დაადგამსო (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი – ვირი რომ ხეზე ავაო).

   პატარა არმსტრონგს იმდენად კარგად დაამახსოვრდა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე  დადგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაახსენდა გაწამებული მეზობელი და წარმატებაც ამიტომ უსურვა:

- Good luck mister Gorsky!..

მთხრობელი: დათო ტურაშვილი

ხვალიდან, სახლში დაბრუნებული, მას დავუწყებ ძებნას

- ადო(ლი), ყველაზე ძალიან დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

- დედა!

ყოველთვის მარტო ცხოვრებაზე ვოცნებობდი და ვოცნებობ. მაგრამ ჩემი ოჯახის გარეშე რომ ვერ გავძლებ ეგეც ძალიან კარგად ვიცი. განსაკუთრებით, დედას დანახვის გარეშე. მისი დანახვა, მხოლოდ რამდენიმე წამითაც საკმარისია და დღე პოზიტიურია. “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი შევინახო, აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად ცალკე, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც გამოვივლი, დედას დავხედავ და დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.” ამ სიტყვებს დღემდე ვამბობდი, მაგრამ არ ვიტყვი ხვალიდან. მოვიდა დრო, როცა საკუთარი სიტყვების და ოცნების რედაქტირებას მოვახდენ. ხვალიდან ასეთი იქნება ჩემი ოცნება – “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი და დედა უზრუნველვყო, აუცილებლად დავაბრუნებ მას საქართველოში!”

დედა საზღვარგარეთ მიდის. ძალიან ემოციური დღე მაქვს, არ მინდა წავიდეს. მხლოდ მასთან შემიძლია სახლში მოსულმა დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსემ პოზიტივი მას გავუზიარო და იგივე ემოცია ცუდად ყოფნისას მისგან შევისრუტო.

ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ვეღარასდროს ვნახავ. თითქოს სამყაროს აღსასრულია და დღეს მთავრდება ჩემი ცხოვრება. მეშინია უცხო ქვეყანაში რამე რომ გაუჭირდეს პატრონი არავინ ეყოლება.

ვიცი ხვალ 9:00 საათიდან, ყველაზე საშინელ ხასიათზე ვიქნები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

ხვალ 9:00 საათიდან, დედას დანახვით პოზიტიურად ვეღარ განვეწყვები.

ხვალ 9:00 საათიდან, დედა გულწრფელად მომენატრება.

ხვალ 9:00 საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებული მას დავუწყებ ძებნას.

ხვალ 9:00 საათიდან, ხურმა ვიქნები, რომელიც შეხედვისთანავე შეჭმის სურვილს გგვრის და ჩაკბეჩისთანავე მწკლარტე გემო აქვს.

ხვალ 9:00 საათიდან, დედას გაკეთებული კერძები მომენატრება.

ხვალ 9:00 საათიდან, ქუჩაში მისი ასაკის ხალხის დანახვისას დედა გამახსენდება.

ხვალ 9:00 საათიდან, წარმოსახვითი ბუშტი, რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი და დედასთან დასამშვიდობებლად სიტყვებს არ უშვებს ბაგემდე წარმოსათქმელად, გასკდება.

ხვალ 9:00 საათიდან, ვიცი ყველაზე სენტიმენტალური ადამიანი გავხდები.

ხვალ 9:00 საათიდან, მის დაბრუნებას დაველოდები.

ხვალ 9:00 საათიდან, ყველაფერს გავაკეთებ რომ სამშობლოში დავაბრუნო.

ეს ძალიან მწარე რეალობაა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის. თითქმის ყველა ოჯახის ერთი წევრი საზღვარგარეთაა. ოჯახს ის ენატრება.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მშობლების თაობა ჩარეცხილად ითვლება და საკუთარი თავის რეალიზაციას სამშობლოში ვერ ახდენენ. ხვალ დედაჩემი საზღვარგარეთ მიდის. მიდის, იმიტომ რომ იქ გაცილებით მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ექნება, ვიდრე საქართველოში. იქ უფრო დააფასებენ მის შრომას ვიდრე თავის სამშობლოში. 

გამარჯობა, ეს ყველაზე ემოციური პოსტია ჩემს ბლოგზე. მე ვტირი. ნუ მიყურებ!

ბლოგერების საახალწლო სიმღერის შესახებ [ჩემი და სხვების ყროყინი]

ბავშვობაში ძალიან კარგად ვმღეროდი, ბაღში, სკოლაში ყველგან მე მამღერებდნენ. გარდატეხის ასაკის შემდეგ ხმა შემეცვალა. ახლა ვირი ჩემზე უკეთესად ყროყინებს. სხვათა შორის, სანამ ბლოგერების სიმღერის ჩაწერის დრო არ დადგა მანამდე ვერ ვხვდებოდი, სიმღერის ნიჭი რომ აღარ მქონია. არასდროს ჩამიწერია ნამღერი, სიმღერის … Continue reading