Tag Archives: ფიქრები

ცხადი თუ რეალობა?

სადარბაზოში შესვლისთანავე ექვსივე საფეხური სწრაფად ავირბინე და ლიფტი გამოვიძახე.

_  ოდესმე ბედნიერი ყოფილხარ? ვეკითხები ჩემ თავს და შევდივარ ლიფტში, პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ და რა ძალით მოძრაობს ეს ყუთი. ლიფტში მთლიან კედელზე სარკეა.

_ გამეცი პასუხი რა არის საჭირო იმისთვის რომ ბედნიერი იყო? ლიფტის სარკიდან გადმოსული ჩემი მეორე მე თავს არ მანებებს, და შეკითხვებს მაყრის.

_ რატომ ფიქრობ ამდენს, რატომ აფიქრებინებ ადამიანებს რომ უცნაური ხარ? ვიბნევი და პასუხი ისევ არ მაქვს.

_ ვყვირი. არ ვიცი, მგონია, ჩემი ფიქრები ნათელია და სიტყვებით გადმოცემა არაა საჭირო. არა, ცდები, ადამიანებს შენი დუმილით ბევრ უცნაურს აფიქრებინებ!

_ სწორედ ფიქრობენ, უცნაური ვარ. ჩემს ორაზროვან წინადადებებს არასდროს არავინ უღრმავდება. საერთოდაც რა საჭიროა ლაპარაკი?

სარკე ნელ-ნელა პატარავდება… იმდენად დაპატარავდა მეორე მე შესვლას ვეღარ ახერხებს, ბორგავს და ზურგზე მეკვრის. სარკე იმსხვრევა, თითქოს ისიც ჩემს წინააღმდეგაა და სურს ამ საზიზღარ მესთან ერთად სამუდამოდ დამტოვოს.

ლიფტის კარი იღება მეოთხე სართულზე, მე გადის და სახეს იცვლის, კიბეზე მოძრავი ბიჭის სახე მიიღო, უყვირის ხმა ამოიღე, შენ მაინც მითხარი რამეო. თითქოს მას ვერ ხედავს ისე აგრძელებს ბიჭი გზას. მისი მე უკან მისდევს, უშედეგო შენიშვნების შემდეგ ქრება და ემუქრება, აფრთხილებს ყოველთვის შენს გვერდით ვარო.

ლიფტის კედლები ვიწროვდება, ჭერიც კი იკლებს სიმაღლეს, თავის გადასარჩენად მეს ვეძახი. იმ მეს რომელიც სულ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წავიდა, გაქრა… ჩავიცუცქე, ღრმად ვსუნთქავ ჰაერი აღარ მყოფნის. ვიცი რომ კლაუსტროფობიით ვარ დაავადებული, რატომ ჩავჯექი ლიფტში? მეს სიცილის ხმა მესმის… კედლები უფრო და უფრო ვიწროვდება, ლიფტი მოწყდა და გაურკვეველი სისწრაფით ქვევით ეშვება. ვყვირი, მაგრამ შველა არავის შეუძლია…

კუთხეები მრგვალდება, კედლები უფრერული, გამჭვირვალე ხდება და განზე იწევს. საპნის ბუშტში ვზივარ ჰაერის მარაგი საკმაოდ ბევრია, თანდათან იზრდება ბუშტი, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება და კმაყოფილი სახით ხედს ვათვალიერებ. მინდორში მდგარი მე, საპნის ბუშტებს უშვებს, მომღიმარი სახით ვაკვირდები და მასთან მისვლა მინდა, მეც მინდა საპნის ბუშტები გავბერო. მფრინავი ბუშტით მინდა მოწმენდილ ცაზე გადაჭიმულ  ცისარტყელას მივუახლობდე და ოცნება ავისრულო…

ბუშტი სკდება და ძირს ვეშვები…

მასთან ერთად მეც ვქრები…

ფრენა ფიქრებით… (წერილი მეს)

მოვიწყინე…

   და ეს მოწყენა ძალიან მსიამოვნებს, არავის ნახვა არ მინდა, არც უახლოესი მეგობრების, არც “მეგობრების” და არც მეგობრების. იცი როგორ ვარ? თუ გაინტერესებს დაგიწერ. ჩავირთავ მუსიკას, სავარძელში ვჯდები, ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ, ვფიქრობ ძალიან ბევრს, მაგრამ რას ვფიქრობ არ ვიცი. უბრალო სხეულს სული შორდება და დაფრინავს …

     ხანდახან იცი რა მგონია? თითქოს ადამიანები რობოტები არიან და ვიღაც მართავს მათ, აი ის ვიღაც კი არ ვიცი ვინ არის, ეს ახლა გამეფიქრა არ გეგონოს გატყუებდე, მე არ ვიტყუები… როგორ არ იტყუები ადო! ჰო, კარგი ახლაც მოვიტყუე და ორი დღის წინაც ცუდად ვარ და სახლიდან ვერ გამოვდივარ, მგზავრობა არ შემიძლია მეთქი. ტყუილი არ შემიძლია, ხომ იცი მიმიკები გამთქვამენ.  არავისთან მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით რობოტებთან. გთხოვთ ნუ მომიკითხავთ, “როგორ ვარ”, “რას ვშვრები” და მსგავსი სისულელეებით.

შენ ხომ გესმის ჩემი? ვიცი… ამიტომაც მოგაკითხავ ხოლმე ყველაზე მძიმე წუთებში, ვიცი რომ ჩუმად იქნები მომისმენ და “საუბრის” დროს შენც ჭერში ყურებას არ დაიწყებ.

ძალიან ბევრ ყავას ვსვამ… იმდენად მეზარება განძრევა, რომ სიგარეტს ყავის ფინჯანში ვაქრობ და ვაგროვებ, ასე მიგროვდება დღის ბოლომდე ფერფლითა და ნამწვავებით სავსე ფინჯნები. კომპიუტერიდან სავარძლამდე თუ მივაღწევ… ავიღებ წიგნს, დავიწყებ კითხვას… ფიქრები არ მასვენებს… გადავდებ გადაშლილ წიგნს და ისევ ჭერს შევყურებ… სოციალურ ქსელებშიც დამალული ვარ ასე მგონია მწერენ, რომ ანტიდეპრესანტად  გამომიყენონ, ჰო ანტიდეპრესანტად… ასე იწყება ხოლმე ურთიერთობები ყოველთვის, ვიღაც დეპრესიაშია და მაშინ მწერს, მერე ძალიან ვუახლოვდები, ზედმეტად ბევრს ვითხოვ მისგან…

მიყვარდება…

“ვკიდივარ”…

მიდის…

წავიდეს, მაგრამ გული არ მატკინოს… არაუშავს…

და ისევ სავარძელთან მივბობღავ და ჭერს შევცქერი…

როცა ასეთი რაღაცები მჭირს ბევრ მეგობარს ვკარგავ. ძალიან არ მინდა მათი დაკარგვა, აგრესიული ვხდები და თავს ვერ ვაკონტროლებ, არ ვერიდები არაფერს.

არა ცუდად არ ვარ, კარგად ვარ და მსიამოვნებს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. სულ სახლში მინდა ვიყო, არსად გავიდე არ ვილაპარაკო. მხოლოდ ვიფიქრო… ძალიან ბევრი ვიფიქრო…

ჩემთან ცივა, თქვენთან როგორი ამინდია?  პასუხი მომწერე რა, მართლა მაინტერესებს შენ როგორ გრძნობ თავს.

მე ყოველ დღე ასე დავფრინავ და ასეთია ჩემი ფიქრები…


კლასობანა, ბავშვობა და შეცდომის აღიარება


ფანჯარაში ვიხედებოდი და ეზოში მოთამაშე დისშვილები დავინახე, კლასობანას თამაშობდნენ… წერის ხასიათზე მოვედი, მაგრამ კომპიუტერი დაკავებული იყო. ფურცელი და კოხინორის ფანქარი (ხაზვაში მჭირდებოდა) ავიღე და ფანჯრის რაფაზე გადაფენილ ფურცელზე წერა დავიწყე, რათა არ დამვიწყებოდა იმ დროს გაელვებული ფიქრები და განცდილი ემოციები.
თვალწინ ჩემი ბავშვობის ბუნდოვანმა კადრებმა გაირბინა, კადრებმა რომელშიც ყიჟინით და სიმღერ სიმღერით ბავშვობა კიდევ ერთხელ გამახსენა… შაკო, ელენე, ანა, ცირა, დენისკა, ნინო, მე… პირველ მეორეს ძახილი და ხტუნვა ხტუნვით გასული წუთები, საათები, დღეები, წლები… ახალ-ახალი კლასობანას თამაშის დაფის ხატვა ასფალტზე და შეჯიბრი მეგობრებს შორის, თუ რომელი უფრო ლამაზად და სწორი ხაზებით დახატავდა ზ.ხ-ს (ზემოთ ხსენებულს) ბოლოში კი გალაჟვარდებულ და თვალებ პახულა მზეს დახატავდა. მეორე დღეს წვიმის მოსვლა და გასული დღის ნახაზ-ნახატის გადარეცხვა, როგორ მონდომებით და კონკურენციის მიზნით ვხატავდით, სათამაშოდ დღის შუქზე ერთი საათი გვრჩებოდა იმდენხანს ვწვალობდით და ვცარცაობდით. ნანგრევებში მოძიებულ ცარცებს საგულდაგულოდ ვმალავდით, დილით კი სველი გვხვდებოდა და ვეღარ ვიყენებდით დანიშნულებისთვის… ღამღამობით, ჩუმად მიცარცული, ბავშვური ლოგიკით არეული კალიგრაფიით წარწერები შაკო+ანა=შ და უამრავი მსგავსი… როგორც ყოველთვის, ამ ფიქრებში ნინოსთვისაც მეყო დრო… ნინო, ბავშვობაში რამდენი წუთი, საათი, წლები გვაქვს გატარებული, მართალია ძალიან ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც მიყვარხარ… დღეს რომ ვიგონებ, თუ როგორი ლაღი და ხალისიანი ბავშვობა გვქონდა და დღეს რა ცხოვრება გაქვს, თავი მეც დამნაშავედ მიმაჩნია ხალხის ბრბოსთან ერთად… ასე რბილად თუ ვიტყვი მხოლოდ, დღეს უკვე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, ეს ჩემთვის ძალიან მტკინვეულია და ძალიან განვიცდი… მხოლოდ ბანალური სიტყვებია, ვერანაირად გეხმარები, არ შემიძლია… ბავშვობის დროინდელ ემოციურობას შემდეგში ნერვოზი დაემატა, შემდეგ პროფესიის არასწორი არჩევის და დედაშენის შეცდომის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი, შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია და ახლა… დროულად რომ ვინმეს შენთვის ხელი გამოეწოდებინა და დაგხმარებოდა ალბათ ასე ცუდათ არ იქნებოდი… მეც შემეძლო მოსვლა მაგრამ არ მოვედი, დამნაშავე ვარ, მაპატიე…

P.S მენატრებით, განვიცდი, თქვენ ყოველთვის ჩემს ფიქრებში იქნებით… შეიძლება შეიცვალეთ, ალბათ ბევრნი ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ არაუშავს, ბავშვობის მოგონებები ყოველთვის თან მდევს…

ფურცელზე დაწერილს აღარასდროს გადმოვიტან ბლოგზე, დამეთხარა თვალები

Untitled

I,m thinking

არასდროს მოგბეზრებიათ თავი? არასდროს გიფიქრიათ რომ ზედმეტი ხართ ? მაგრამ მაინც იმხნევებთ თავს და იმედით შესცქერით თქვენს მომავალს? ვინ ვარ? რატომ ვარ? ნუთუ ჩემი ადგილი არის ამ სამყაროში? ტყუილად ხომ არ ვამძიმებ დედამიწას და უხეშად ვეხები ზედაპირს? ვნანობ? არა არ ვნანობ ისევ მინდა იგივეს გაკეთება… საკუთარ თავს ვეძებ? როდის დასრულდება? როდის… ცუდად ვარ, ძალიან ცუდათ… დავიღალე, ძალიან დავიღალე… ნეტა გადამკარგა რომელიმე მიუგნებელ კუნძულზე და აღარასდროს დამაბრუნა… დასვენება მჭირდება? სულ დასვენებული არ ვარ… რა მინდა? დავიღალე….
ჩემს ფიქრებს და ხასიათს ეს მუსიკა შეეფერება: