7 დეკემბერს დილის 2 საათზე ფსიქეს წერილი მომივიდა…


7 დეკემბერს დილის 2 საათზე ფსიქეს წერილი მომივიდა რომ სასწრაფოდ უნდა დავხმარებოდი და დილის 10 საათზე ერთ-ერთ ტრეინინგზე გავყოლოდი. რა თქმა უნდა დავეთანხმე წუწუნით, მაგრამ წუწუნი სიხარულში გადაიზარდა მას შემდეგ როცა გავიგე სად მივდიოდით და რა გვევალებოდა.
აქცია 7 დეკემბერს დილით დაიწო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ოფისში.
ოცი მონაწილე 5 ჯგუფად დავიყავით, დაგვირიგდა დავალებები, მისი შესრულება 5 საათში უნდა მოგვესწრო,  მილიტარისმისა და გენდერული ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ფოტო ან ვიდეო რეპორტაჟების, ასევე ჩანახატების შექმნა დღის განმავლობაში უნდა მოგვესწრო, საღამოს კი, ცენტრში დაბრუნებულები, ჩვენი ნამუშევრები გამოგვეფინა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე…  ჩემს ჯგუფს შეხვდა თემა – ძალადობა ქალებზე და მათი 4 ასაკი.
სპეციალური ჟიური შეაფასებს ნამუშევრებს და გამოავლენს ერთ საუკეთესოს, რომლის ავტორი ჯგუფი სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.
ბევრი კურიოზი გადაგვხდა გადაღების დროს, რომელსაც შემდეგ პოსტად დავდებ იმედია.
აქცია `სპილო Oოთახში~ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
გთავაზობთ ჩვენი ჯგუფის ნამუშევარს, რომელშიც პრიზი მიიღო ავტორმა საუკეთესო ესსეს დაწერისთვის, დანარჩენები კი სიგელებს და წიგნებს დავჯერდით.

ავტ: ანი ჭანკოტაძე
ადამიანის სასიცოცხლო ციკლში 4 მთავარი ფაზის გამოყოფა შეიძლება: ბავშვობა, ახალგაზრდობა, მოზრდილობა და ხანდაზმულობა. თითოეული ფაზისთვის ადამიანს განსხვავებული მიზნები, პრიორიტეტები და შესაძლებლობები გააჩნია. მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება როგორც ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან, ისე კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე. ხშირად, კულტურული კონტექსტი ბუნებრივი მოთხოვნილებების საპირისპიროა და მათი დათრგუნვის ხარჯზე ხორციელდება. კულტურის ცივილიზებულობის ხარისხი დამოკიდებულია სწორედ იმაზე, რამდენად ჰარმონიულად თანაარსებობენ კულტურული ნორმები ადამიანურ სურვილებსა და საჭიროებებთან და რამდენად ხელმისაწვდომია ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება საზოგადოების თითოეული წევრისთვის _ მათ შორის, ბუნებრივია, ქალებისთვისაც.
თუ გავაანალიზებთ დღევანდელ ქართულ დისკურსებს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, დავინახავთ _ გენდერული კუთვნილება ცალსახად წყალგამყოფია მათ შორის, ვისაც აქვს ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უფლება და შესაძლებლობა და ვისაც ის არ აქვს. მამაკაცები გვევლინებიან სოციალ-პოლიტიკური არენის მთავარ გმირებად, ქალები კი მრავალფუნქციურ დეკორაციულ ჩამატებებად ამ არენაზე. კულტურა ქალებს, არათუ საკუთარ ადამიანურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებას არ აძლევს, არამედ საერთოდ კლავს ამ ნებას მათში, ქმნის რა მითებს, თითქოს ქალს არ გააჩნია იგივე ადამიანური მოთხოვნილებები, რაც მამაკაცს. ქალი მთელი ცხოვრების განმავლობაში გვევლინება არა სუბიექტად, არამედ სხვათა მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ ობიექტად. შექმნილია მთელი სტრუქტურა კულტურული მითებითა თუ სოციალური მოლოდინებითურთ, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალის გაობიექტება-განივთების პროცესს და გენდერული ძალადობის კვლავწარმოებას. თან იმგვარად, რომ ქალის დამორჩილებული მდგომარეობა აღქმული იყოს ბუნებრივ ნორმად.
ეს პროცესი იწყება ბავშვობიდან _ თუ, რა თქმა უნდა, გოგონას გაუმართლა და დაიბადა, ანუ, თუ დედის მუცელშივე არ გახდა მკვლელობის მსხვერპლი სქესობრივი ნიშნით ( 2009 წლის მონაცემებით საქართველო, ჩინეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მსოფლიოში III ადგილზეა სელექციური აბორტების სიხშირით). დაბადების შემთხვევაში უმალ იწყება გოგონაზე გარემოს მიერ ძალადობა, რომლის საბოლოო მიზანიც არის გოგონას სოციალიზება პატრიარქალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ფემინური სტერეოტიპების მიხედვით. გოგონებს მშობლები თავიდანვე აჩვევენ იმ აზრს, რომ სუსტები, ნაზები და მშიშარები არიან. მათ უზღუდავენ მოძრაობის საშუალებას, ართმევენ საკუთარი სხეულის სრულყოფილად დაუფლებისა და სურვილისამებრ მართვის ნებას: არსებობს კონკრეტული წესები, როგორ მოძრაობა შეიძლება და არ შეიძლება გოგონასთვის, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, როგორ უნდა იჯდეს, როგორ ჭამოს გოგოსთვის შესაფერისად და ა.შ. თუ გოგონა აქტიური თამაშის მოყვარულია და მოსწონს აქტივობა, როდესაც მთელი სხეულია ჩართული (მაგალითად ფეხბურთი, სირბილი…), მაშინ ის ხდება ,,ქალაბიჭას’’ ან რაიმე მსგავსი ეპითეტის მატარებელი, მისი საქციელი აღწერილია როგორც ბიჭური საქციელი, განიხილება დევიაციად და მიჩნეულია სოციალურად არასასურველ მოვლენად. ამის თავიდან ასაცილებლად, მშობლები (უფრო სწროად დედები _ რამდენადაც მამები ნაკლებ არიან ჩართული შვილების აღზრდაში) გოგონებს აჩეჩებენ თოჯინებს, დედაშვილობანასა და სახლობანას თამაშს ასწავლიან და მათ მომავალ როლურ სტერეოტიპებს ახვევენ თავს. ამავდროულად აჯერებენ რომ მშვიდები, მომთმენები და ფაქიზები იყონ, ჩუმად ისაუბრონ, ნაზად გაიცინონ…
ცხოვრების II ფაზაში, პუბერტეტის ასაკის გავლის შემდეგ, გოგონებს უკვე კარგად აქვთ ათვისებული ძირითადი როლური სტერეოტიპები და უკვე იწყება მათში ახაგაღვიძებული სექსუალობის დათრგუნვა. ცხოვრების ამ ფაზაში გოგონების სხეულზე კონტროლი გრძელდება მათი სექსუალობის კონტროლით. ჩვენს საზოგადოებაში (ისევე, როგორც სხვა პატრიარქალურ საზოგადოებებში) ამის კარგი ინდიკატორია ქალიშვილობის ინსტიტუტად წოდებული ტრადიცია, რომელიც ეროვნულ-რელიგიურობის ბუნდოვანი მანტიითაა შემოსილი და სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ქალის კონტროლის საშუალება მამაკაცების მიერ. ორმაგი კულტურული სტანდარტები, რომლებიც მამაკაცებს სექსუალურ თავისუფლებას ანიჭებს, ქალებში მარგინალიზებას უკეთებს სექსუალობას იმ დაუსაბუთებელ რწმენაზე დაყრდნობით, რომ ქალებს სექსუალური მოთხოვნილებები არ გააჩნიათ და ბუნებით უფრო წმინდა და ,,ამაღლებული’ არსებები არიან (და სექსუალობაც ცალსახად სიწმინდის საპირისპიროდ განიხილება) და მოწოდებული არიან შეასრულონ დედობის წმინდა მოვალეობა.

ამგვარად, საზოგადოებას ქალისთვის უზენაესი ფუნქციის დედობით მიჩნევით ქალის სხეულსა და მთელ არსებაზე ლეგიტიმური ძალადობის საშუალება ეძლევა. ამის შემდეგ იოლი ხდება ქალის ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი _ პროფესიის არჩევიდან დაწყებული, მისი სანაცნობო წრის კონტროლითა თუ გარეთ გატარებული დროის მაქსიმუმის დაწესებით დამთავრებული. პარტნიორის ,,არჩევის’’ შემდეგ კი ქალზე კონტროლის განხორციელების ამ ფუნქციას ქალის ოჯახი მის მეუღლეს გადასცემს.ცხოვრების III ფაზაში, მოზრდილი ცხოვრების დროს, ჩვენ საზოგადოებაში ქალების უმეტესობა დაკავებულია საოჯახო მეურნეობითა და ბავშვების აღზრდით. მრავალი ქალი დასაქმებულია კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ქალისთვის კარიერა ყოველთვის მეორეხარისხოვანია, რამდენადაც ბავშვობიდანვე შეთვისებული ღირებულებათა სისტემა მათ მთავარ მოვალეობად სწორედ დედობას მიიჩნევს. ამიტომ ქალებს არც თვითონ არ აქვთ კარიერული ცხოვრების ამბიცია და არც სოციალური სტრუქტურა ახალისებს მათში ამ ამბიციის გაჩენას _ მამაკაცებთან შედარებით ქალებს კარიერული წინსვლისა და მაღალი თანამდებობების დაკავების 10-ჯერ ნაკლები შანსი აქვთ.
აქედან გამომდინარე, თავიანთი ცხოვრების ყველაზე აქტიურსა და ნაყოფიერ ფაზაში ქალები ეკონომიკურად არაპროდუქტიულები და სავსებით დამოკიდებულები არიან მეუღლეებზე (იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობენ). ეკონომიკური დამოკიდებულება კი პირდაპირ იწვევს დომინირებულ-დამორჩილებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ასე რომ, ქალები მთელ თავის დროსა და ენერგიეს ახარჯავენ საოჯახო საქმეებსა და შვილების აღზრდას, რის სანაცვლოდაც იღებენ თავისუფლების დაკარგვას, საკუთარი უნარებისა, პირადი სურვილებისა და მისწრაფებების უარყოფას და დამოკიდებული ხდებიან მამაკაცებზე (ჯერ მეუღლეზე, შემდეგ კი შვილზე).
ადრე თუ გვიან, ბავშვები იზრდებიან და ქალი უფუნქციოდ რჩება _ ის ხანდაზმულობაში გადადის და ამ ფაზაში ყველაზე მეტი იმედგაცრუების გადატანა უწევს. ის ყოველთვის იყო ვიღაცის ქალიშვილი, და, დედა, ცოლი, მაგრამ არასოდეს ყოფილა ,,მე’’. ახლა კი, გავლილი გზის სანაცვლოდ ხელში თითქმის არაფერი უჭირავს _ არც მეუღლესავით კოლეგები ყავს, რომლებიც დააფასებდნენ, არც ეკონომიკური დოვლათი ან სხვა მის მიერ შექმნილი რაიმე ნივთიერი. შვილები კი მის მიერ გაღებულ შრომას სავალდებულოდ მიიჩნევენ და არა განსაკუთრებულ დამსახურებად _ ასე რომ, ქალი მოკლებულია ყოველგვარ სოციალურ პრესტიჟს, დაფასებულობას, დაკარგული აქვს ყველა რესურსი _ აღარც ახალგაზრდა და შრომისუნარიანია, აღაც ლამაზი და მიმზიდველი, პროფესიაზე კი უარი თქვა _ ამიტომაც აღარავისთვისაა საჭირო (ამიტომაც ებღაუჭებიან ასაკოვანი ქალები შვილიშვილებს _ მათ სურთ ისევ გახდნენ საჭირო ვინმესვის, რომ გაექცენ საკუთარ ცხოვრებაში გაჩენილ სიცარიელეს). ქალის ცხოვრების ბოლო ფაზა IV, მართლაც საბოლოოდ ასრულებს მისი ექსპლოატაციის ციკლს და ქალი გამოწურული ლიმონივით არის _ არარეალიზებული, ფრუსტრირებული და უსარგებლო. მათ დაჭმუჭვნილი ქარალდებივით ისვრიან კულტურულ-სოციალური ცხოვრების სანაგვეზე, მოიხსენიებენ სიძულვილის ტერმინებით (ბებრუხანა, ბებერი, ბაბაიაგა, კუდიანი…).
ქალის როლისა და დანიშნულების მოცემული გაგება, რომელიც გენდერულ ჩაგვრას განაპირობებს სხვა არაფერია, თუ არა მილიტარისტული საზოგადოების ლოგიკა. განსხვავებული გენდერული როლების საჭიროებაც აქედან გამომდინარეობს _ სამხედრო ძლიერება ემყარება მამაკაცის ძლიერებას. მილიტარისტულ საზოგადოებაში, სადაც სოციალური ცხოვრების მთავარი მოქმედი პირი მეომარი მამაკაცია, ქალს ამ მეომრების მწარმოებლის ფუნქცია დაეკისრა და მისი მთავარი დანიშნულებაც ეს გახდა. თითქოს ანაქრონიზმია, რომ დღეს საქართველოში პატრიარქალური სტერეოტიპები და გენდერული ძალადობა ასე ხელშესახებია, მაგრამ ღირს გავიხსენოთ უახლოესი ისტორიაა და კონფლიქტები. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტი და მილიტარისტული დისკურსი ახალ სიცოცხლეს სძენს პატრიარქალურ დისკურსებსა და ქალის მიმართ კულტურულ ძალადობას, რაც საბოლოოდ თავს იჩენს დისკრიმინაციის რადიკალურ ფორმებშიც.
ასე რომ, მილიტარიზმი გენდერული ძალადობაა!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to 7 დეკემბერს დილის 2 საათზე ფსიქეს წერილი მომივიდა…

  1. kaxiii says:

    მშვენიერია… მომეწონა… ნიჭიერებოოოოოოო…

  2. chankotadze says:

    ის პრიზიც წიგნები იყო :დ

  3. აჩი says:

    მსგავსი კონკურსები და თუნდაც უბრალოდ სტატიები ფინანსდება საზღვარგარეთიდან, სადაც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით ქალი არა მარტო გაუტოლდა მამაკაცს, არამედ გაასწრო კიდევაც.
    მე ევროპაში სიგნალიზაციების დამონტაჟება მიხდება კვირაში ხან სამ-ოთხ ოჯახში. თვითეულ სახლში მთელი დღე მიხდება მუშაობა, ამიტომ დიდხანს ვესაუბრები მათ სოციალურ თემებზე. ყოველთვის ვაკვირდები და ვხვდები ერთ რამეს: იმ ოჯახებში სადაც მამაკაცი დგას ქალზე მაღლა, ვერ ვიტყვი იდეალურიო, მაგრამ ასე თუ ისე წესრიგია. ხოლო, სადაც ქალი მამაკაცზე მაღლა დგას, ასეთ სახლებს საღორესაც ვერ შეადარებთ. სუნისგან ხშირად გული მერევა ხოლმე. ასეთი სიბინძურე დიდოელ ლეკბშიც არ მინახია, სადაც ორი წელი ვიმუშავე.
    ასეთი სიტუაცია უკვე ევროპელებსაც აღარ მოსწონს, მაგრამ ქართველებს ჩვევად აქვს, სხვას აუცილებლად ცუდში უნდა მიბაძოს, თუნდაც ის მოდიდან იყოს გადასული.

  4. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s