ნუ შეეხებით ჩვენს მომავალს!


ვინც აგრარული უნივერსიტეტს თავს ატეხილ ამბებს თვალს ადევნებს, ან ერთხელ მაინც მოუსმენია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრალდების შესახებ, რომელიც გადაუხდელობის გამო 609 სტუდენტის გარიცხვას გულისხმობს, მინდა გითხრათ რომ ეს არის ძალიან სულელური ტყუილი.

გადავწყვიტე როგორც ასე თუ ისე სიტუაციაში გარკვეულმა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა და ბლოგერმა რამდენიმე სტუდენტს გავსაუბრებოდი და გამერკვია, რა ხდება მათ სტუდენტურ ცხოვრებაში, რაიმე შეღავათი თუ არის დაშვებული ადმინისტრაციისგან და რა ხდება, როცა სტუდენტს არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სწავლის ქირა, როგორ შეფასებას მისცემდნენ ადმინისტრაციის ქცევას მათდამი? პოსტიდან დასკვნები თავადვე გააკეთეთ, ჭამს თუ არა სტუდენტებს აგრარული უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანო, თუ შეძლებისდაგვარად უდგას მათ მხარში.

აგრარულიდან ფინანსური დავალიანების გამო “გარიცხული” სტუდენტები:

ნესტან ჭამიაშვილი. კვების პროდუქტების ტექნოლოგიების  II კურსის სტუდენტი.

აგრარულ უნივერსიტეტში 2011 წელს ჩავაბარე. კარგად ვსწავლობ და ამავდროულად ვმუშაობ ბიბლიოთეკაში. დამასაქმა ჩემმა ლექტორმა ბესო ნამჩავაძემ, რომელიც მუშაობს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში. 2012 წლის 10 დეკემბერს, უბედური შემთხვევის გამო, დამეწვა სახლი და ვარ სოციალურად დაუცველი.  ჩემმა მეგობრებმა უთხრეს ბესო ნამჩავაძეს და სთხოვეს დახმარება. ბესომ გადაწყვიტა, რომ ამით მაინც გაეკეთებინათ ჩემთვის შეღავათი. გადავწყვიტე ეს ხელფასი პირდაპირ გადარიცხულიყო ჩემი სწავლის საფასურში, რადგანაც არ შემეძლო სწავლის საფასურის გადახდა. მუშაობა დავიწყე 19 მარტს და, როგორც ამბობენ, გაგრძელდება 2 თვე. ჩვენ სახლი დაგვეწვა და ვართ დაზარალებულები, ამიტომ, წესით სახელმწიფომ უნდა ჩამირიცხოს სწავლის გადასახადი. ველი როდის ჩამირიცხავენ, თუ ასე არ მოხდა, მომიწევს თავად დავფარო სწავლის საფასური. ჯერჯერობით სხვა სამსახური არ ჩანს და იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება. ოჯახში 4 დედმამიშვილი ვართ და მშობლები, რომლებიც უმუშევრები არიან. სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ამ სამსახურის დასრულების შემდეგ არ ვიცი როგორ შევძლო სწავლის საფასურიის გადახდა, ან თავის რჩენა.

ჯუღელი ნინო 42 წლის.  სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი, ექიმი.

ჩაირიცხა ეროვნული გამოცდებით. აქვს 30% დაფინანსება. დაოჯახებულია, ჰყავს  2 სტუდენტი შვილი. აქვს პირველადი პროფესია, ფეიქარ-ინჟინერია. თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. „დეკანმა გვითხრა, რომ დასაქმების მსურვალთა სია დგებოდა. ჩავეწერე სიაში და ორი დღის შემდეგ დამიკავშირდნენ. ჩემი მხრივ მოტივაცია, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარე იყო. 90- იან წლებში დავამთავრე და მოგეხსენებათ მაშინდელი მოვლენები, დაინგრა მსუბუქი მრეწველობა. ვფიქრობ, რომ ვეტერინარია უფრო პერსპექტიულია და უფრო მეტად გამოვიყენებ. ჩვენ მცირე ოჯახური ბიზნესი გვაქვს ვეტერინარიის განხრით და ჩემი პროფესია ხელს მიწყობს. ამ პროფესიის არჩევა ოჯახური ბიზნესის გაძლიერების მიზნისთვის ავირჩიე. სამსახურით მიღებული თანხა დამეხმარება დავფარო სწავლის ქირა. აგრარული უნივერსიტეტი ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს. ეს სამსახური რომ არ ყოფილიყო გაჭირვებით რამეს მოვახერხებდი, მაგრამ რადგან რეალური შანსი გამიჩნდა და ძალიან მიხარია. ოჯახის საერთო ბიუჯეტს რომ არ მოვაკლებ ჩემი სწავლის ფულს ეს დიდი შეღავათია“.

სალომე წამალაშვილი მეოთხე კურსი/ საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტი

დეკანმა გვითხრა, რომ გვაქვს შანსი საკუთარი სწავლა დავაფინანსოთ ჩვენივე შრომით მიღებული ხელფასით. მყავს მცირეწლოვანი შვილი.  აქ მუშაობა ერთგვარი გამოცდილებაც არის ჩემთვის, ხალხთან ურთიერთობასაც მაჩვევს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ დამეხმარნენ და ხელი გამიმართეს. აქ არ არის არაფერი სათაკილო, პირიქით, მომწონს და ვაკეთებ საქმეს, რომელიც უნივერსიტეტს სჭირდება.

თინათინ სოლოღაშვილი აგროსაინჟინრო/მეოთხე კურსის სტუდენტი/ელექტროფიკაციის სპეციალობით.

დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა, გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ვიწყებ სამსახურს. აქ მუშაობა წამახალისებელია ჩემთვის. ხელფასით, სავარაუდოდ, სწავლის საფასურს გადავიხდი. მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ საკუთარი სწავლის საფასურის დაფარვაში და მხოლოდ ჩემი მშობლების გადასახდელი არაა.

გიორგი ზურაბიანი სატყეო ფაკულტეტი/მესამე კურსი

მეორე დღეა რაც დასაქმებული ვარ. აქ მიღებული ანაზღაურებით ვაპირებ საკუთარი სწავლის დაფინანსებას. ეს სამსახური რომ არ ყოფილიყო, სხვა გზების გამოძებნა მომიწევდა რომ დამეფარა სწავლის გადასახადი. 2009 წელს, როდესაც ჩავაბარე აგრარულ უნივერსიტეტში განათლების მინისტრი იყო ნიკა გვარამია. მას ჰქონდა პროგრამა, რომლითაც მთიან რაიონებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი სტრუდენტები ფინანსდებოდნენ. ერთ-ერთ კატეგორიაში გავდიოდი მეც. პირველი სემესტრი გავლილი მქონდა და ფულს არ ვიხდიდი, მეგონა რომ ვიყავი დაფინანსებული. შემდეგ მოვიდა შაშკინი და ეს დაფინანსება მომიხსნეს. ავიღე აკადემიური შვებულება, ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, შევაგროვე სწავლის ფული და ახლა ვაგრძელებ სწავლას. ამ სამსახურით მომავალი წლის გადასახდელ თანხასაც შევაგროვებ.

მარიამ ლომიძე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი/მესამე კურსი.

“დასაქმებული ვარ შპს თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში, პროექტი „დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება“ და იქ ვარ გაყიდვების მენეჯერი. გამოცხადდა გასაუბრება. მივედი გასაუბრებაზე, თუმცაღა ძალიან ცოტა დამაკლდა რომ მოვხვედრილიყავი პირველ ნაკადში. თავდაპირველად აიყვანეს 4 კაცი და იმ ოთხ კაცში ვერ მოვხვდი. მერე მალევე გამოაცხადეს მეორე გასაუბრება და მეორე გასაუბრებაზე მოვხვდი. თავდაპირველად ძალიან გამიჭირდა იმ მხრივს რომ ძალიან დატვირთულები ვიყავით სულ ტრენინგები გვიტარდებოდა, სწავლაც მიხდებოდა. თუმცაღა, ახლა უკვე ჩავჯექი რეჟიმში. ეს სტაჟირება ჩემს პროფესიულ განვიათარებას უწყობს ხელს. მინდა, რომ როცა ბაკალავრიატს დავამთავრებ, გარკვეულ თანამდებობაზე მქონდეს პრეტენზია, ჩემი სამსახურით კი პირველ ნაბიჟებს ვდგამ ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდი ამ პროექტს, რომ მიმიღო და მომცა შანსი ვიმუშაო და მივიღო ამხელა გამოცდილება და ცოდნა. არ ვიცოდი რას ნიშნავდა გაყიდვები და ახლა აღმოვაჩნე, რომ ძალიან ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი ყოფილა. ხელფასი გვაქვს, მაგრამ სიმბოლური, რომ დავაფინანსოთ ჩვენი ხარჯები, გზის ფული, კვების ფული და ა.შ. ასევე, ექსპერტებად არიან აყვანილები ისინი, რომლებმაც ჩვენამდე დაიწყეს მუშაობა, ანუ წარმატებულ კანდიდატებს სთავაზობენ დაიწყონ მუშაობა კარგ პროექტში თუ აქვს მოტივაცია, სურვილი და ცოდნა.”

მარიამი და სოფიკო სამსახურის ტერიტორიაზე

მარიამი და სოფიკო სამსახურის ტერიტორიაზე

 სოფიკო სოსელია ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი/მესამე კურსი.

“ეს იყო პირველი შანსი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტისათვის, რომ ასეთ ფართომასშტაბიან პროექტში ჩავბმულიყავი. როგორც იცით, მანამდე მსგავსი საშუალება არ გვქონდა. იმიტომ რომ ზუსტად ამ პროექტში (დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი) დასაქმებულები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები. ეს იყო შანსი აგრუნის სტუდენტებისთვის, გამოუცხადეს ნდობა და მოგვცეს საშუალება ფართომასშტაბიან პროექტებში დავსაქმებულიყავით. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ, გვაქვს ამაყად იმის თქმის საშუალება, რომ ვიყავით ძალიან მნიშვნელოვან პროექტში, არა ხელფასის, არამედ გამოცდილების გამო. ეს არის პროექტი, რომელსაც მთელი საქართველო ძალიან მალე გაიცნობს, მე მეამაყება რომ ამ პროექტის ნაწილი ვარ! ზოგადად, თბილისში ეს არის ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი პროექტი – დიდი დიღმის საუნივერსიტეტო დასახლება.  აგრო ტექნოლოგიური ფაკულტეტიდან 8 სტუდენტი უკვე დასაქმებულია ამ პროექტში. მათი პროფესია მოთხოვნადი გახდა და ეს ჩანს.”

ნათია ვადაჭკორიას ინტერვიუს mp3 ვერსიით გთავაზობთ, არ შემეძლო მისი ემოციურიად მოყოლილი ისტორია ტექსტუალურ მასალად მექცია. ის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია:

ანა ვასილცევი ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი.

აგრარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე 2010 წელს. სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, თუმცა აგრარულ უნივერსიტეტში მოვხვდი იმის გამო, რომ გამოცდებამდე 2 თვით ადრე მოვხვდი ავარიაში. მივიღე სხეულის მძიმე დაზიანებები. გავიკეთე რამდენიმე რთული ოპერაცია, მივიღე ტვინის შერყევა და ასე შემდეგ. ამის მერე, როდესაც გავედი ეროვნულ გამოცდებზე მოხდა ისე, რომ როდესაც მომივიდა შედეგი – აგრარული უნივერსიტეტი,  რა თქმა უნდა, არავის გაუხარდა. არც მე გამიხარდა, რადგან ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ცუდ უნივერსიტეტად მთელ საქართველოში. ამის შედეგი ის იყო რომ საერთოდ არავინ მომილოცა. მაგ დროს კიდევ ერთი სტრესი მივიღე, რომ ამხელა ამბის შემდეგ ჩავაბარე, გრანტი ავიღე და მაინც არავინ მილოცა, იმიტომ რომ სასოფლოში მოვხვდი. მერე მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩავირიცხე ჟურნალისტიკაზე, მაგრამ არ ვიცი როგორ, რანაირი წესებით დამსვეს ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩემი ნების წინაამდეგ, რა თქმა უნდა. ყველაზე დიდი ტრაგედია ის იყო, რომ შემოვედი აგრარულში მაგრად არ მომეწონა პირობები. ხელახალი სტრესის მიღება და წლის დაკარგვა არ მინდოდა, შესაბამისად, გავაგრძელე სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ვსწავლობდი მთლიანად 5 საგანს და აქედან მხოლოდ ეკონომიკას და მათემატიკას ჩემ პროფესიასთან დაკავშირებით. ეკონომიკა იყო ჩემთვის გაუგებარი, საშინელება. ერთი სიტყვით, როცა კახა ბენდუქიძემ შეისყიდა უნივერსიტეტი და ჩაგვიტარეს გამოცდები, აღმოჩნდა რომ საერთოდ არაფერი არ ვიცოდით. სასოფლოში იყო საშინელი პირობები, ელემენტარულად არ იყო ჰიგიენა, არ იყო დაცული სანიტარული პირობები. ფაქტობრივად, ვირთხებთან ერთად ვიჯექით ხოლმე როგორც გამოცდებზე, ისევე ლექციებზე. მახსოვს, რომ ბიჭები გამხმარი თაგვებით გვაშინებდნენ. ყველა ამბობდა, რომ გაკეთდა აგრარული უნივერსიტეტი. მეც მქონდა ინფორმაცია, რომ მთელი ზაფხული კეთდებოდა უნივერსიტეტი. როდესაც პირველად შემოვედი რესტავრაციის შემდეგ, ვთქვი, რომ ეს ის უნივერსიტეტი არ არის რომელშიც მე ჩავაბარე. რაღაც საოცრებაში მეგონა თავი. მეგონა სადღაც ევროპაში მოვხვდი. წინასწარ გაგვატარეს ტესტი, რომ ჩვენი ცოდის დონე გაეგოთ მათემატიკაში და ინგლისურში, ასევე, ეკონომიკაში და აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა არაფერი არ იცოდნენ. შესაბამისად, დავიწყეთ ორი კურსის ერთ კურსში გავლა. ყველაფერი ერთად უნდა გვესწავლა, რომ რაღაც ცოდნა მიგვეღო. ეს ყველაფერი მოხდა 3 თვეში და ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე გაცილებით მეტი ვიდრე მთლიანად პირველ კურსზე სასოფლოში.

შარშან პიარის განყოფილებამ შემოიღო სტუდენტებისთვის თანამდებობა, სადაც აგრარულის პიარის თანამშრომელს ვეხმარებოდი აგრარულის პიარის საქმეებში.  შემდეგ მოხდა ისე, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა შარშანდელი შრომა დამიფასა და წელს დამასაქმეს. ვარ მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზატორი და პიარმენეჯერის თანაშემწე. ძალიან კმაყოფილი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ აგრარულმა მომცა შესაძლებლობა ბევრი რამ მესწავლა ჩემს პროფესიაში, ასევე, მიმეღო გამოცდილება.

ნინო ტალაბაძე ბიზნესის ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი.

ამჟამად ვმუშაობ აგრუნის ბიბლიოთეკაში. ვახარისხებ წიგნებს, ვალაგებ, ვაწყობ და, ასე ვთქვათ, აღვრიცხავ. მიხდიან ხელფასს, რომელიც მეხმარება, რომ გადავიხადო სწავლის გადასახადი. ასევე, სტაჟირებას გავდივარ თავისუფალ უნივერსიტეტის კვლევით ცენტრში, სადაც საშუალება მეძლევა, რომ პრაქტიკა გავიარო ჩემი სპეციალობით. მაქვს გასაუბრებები სასტუმროებთან, ასევე, ისეთ ადამიანებთან, ვისაც სჭირდება ცოდნა და არა რაიმე შენებური ხედვა. ანაზღაურება არ მქონია, მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული მეცადინეობები გამომდიოდა და აქ ამიყვანეს შტატში. დილით მოვდივარ სამსახურში, შემდეგ ავდივარ ლექციებზე. არანაირად არ მიშლის სწავლაში ხელს.

ეკატერინე ბლიაძე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. მესამე კურსის სტუდენტი.

უკვე ორი თვეა რაც დასაქმებული ვარ აგრარული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დირექტორმა შემომთავაზა სამსახური და სიამოვნებით დავთანხმდი. ზაფხულში ელექტრონული წიგნების შექმნაში ვეხმარებოდი ბიბლიოთეკას და ასე თუ ისე გამოცდილება მქონდა, აქედან გამომდინარე, მეც ამიყვანეს. სულ ახლახანს აიყვანეს ახალი თანამშრომლები, ზოგიერთი არის საუკეთესო სტუდენტი, კარგად სწავლობს, ზოგი კი სოციალურად დაცველობისა და ფინანსური პრობლემების გამო.

ლაშა ხუციშვილი, აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი.

ჩემი პრობლემა მაშინ დაიწყო, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტამდე სხვა უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავწერე. ბოლოს მივხვდი იმას, რაც ისედაც ყოველთვის ვიცოდი, უბრალოდ, პროფესიულ ინტერესებში ვერ ვითვალისწინებდი ამას, მე მეცნიერული მოწოდებით ვარ დაბადებული. მეცნიერ-გამოგონებლად! მოკლედ მალევე მივხვდი, რამხელა შეცდომა დავუშვი, არასწორი არჩევანი რომ გავაკეთე და მათემატიკის გამოცდაზე (მათემატიკით ვირიცხებოდი სხვა უნივერსიტეტში) პასუხების ფურცელზე პასუხები აღარ გადავიტანე, უბრალოდ ინტერესისთვის გავედი გამოცდაზე. აგრარულ უნივერსიტეტში ჩავირიცხე ფიზიკის გამოცდით და ვაჩვენე ისეთი შედეგი, რომლითაც 100% თუ არა 75% დაფინანსება მაინც მქონდა გარანტირებული. თუმცა საინჟინრო ფაკულტეტზე ფიზიკით ჩარიცხულ ხუთ სტუდენტს შორის მხოლოდ მე ვარ უგრანტო. არ ვიცი ეს მხოლოდ ჩემი შეცდომის გამოა თუ საგამოცდო სისტემის ნაკლიცაა, მაგრამ მათემატიკის გამოცდაში ვითვლები „ჩაჭრილად“ (იცინის) და  შესაბამისად აღარანაირი მნიშვნელობა ფიზიკის გამოცდაზე ნაჩვენები შედეგის სიდიდეს აღარ აქვს.

როგორც სოციალურად დაუცველს მქონდა შანსი სამინისტროს დაფინანსებაში მოვხვედრილიყავი მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მოვხვდი, არც იყო რაიმე იმედი აქ: მხოლოდ და მხოლოდ ოცი სტუდენტი უნდა დაფინანსებულიყო.

ამ ყველაფრის შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც იცოდნენ. მას შემდეგ, რაც დავინტერესდი, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ მე, როგორც აგრარულის სტუდენტს მესწავლა ცოდნის ფონდის „ისწავლე და ასწავლე“ პროგრამით, რაც გადასახადის გადავადებას გულისხმობს. ამ ყველაფრის შესახებ მივწერე ბატონ კახას.  რამდენიმე დღეში დამიკავშირდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან და დამიბარეს ფაკულტეტის დეკანთან და ჩემი მომავალი სპეციალობის ხელმძღვანელთან. ფინანსურ პრობლემებს რაც შეეხებოდა, მივიღე ისეთი პასუხი, რომ არ უნდა მენერვიულა არაფერზე და გამეგრძელებინა სწავლა და მუშაობა იმ იდეებზე, რომლითაც უნივერსიტეტშიც მოვედი (ვგულისხმობ სტუდენტ გამომგონებელთა ინიციატივას). საერთოდ, მხარდაჭერასა და მზრუნველობას ადმინისტრაციის მხრიდან, პირადად მე, ყოველთვის ვგრძნობ.

ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ დასაქმებული ვიყავი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების შესახებ ვიცოდი ბატონი კახას სატელევიზიო განცხადებიდან, იმის შესახებ, რომ აგრარული უნივერსიტეტიდან არამცთუ არასდოს არავინ არ გარიცხულა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, პირიქით უნივერსიტეტი სამუშაოს სთავაზობდა მათ ისეთი ანაზღაურებით, რომლითაც თვითდაფინანსებას შეძლებდნენ. ბუნებრივია, დავინტერესდი, მეც თუ შევძლებდი ბიბლიოთეკაში დასაქმებას, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ როგორც ბატონმა კახამ თქვა, სამუშაო სტუდენტებს სწავლაში არ შეუშლიდა ხელს. როგორც უკვე გითხარით, აღმოჩნდა რომ უკვე სიებში ვიყავი.

ჩემი დღევანდელი სამუშაო ბიბლიოთეკაში, ჩემთვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გარანტიაა.

და ბოლოს მინდა ვისარგებლო ამ ყურადღებით და  ყველაფერ ამისთვის უღრმესი მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და განსაკუთრებით ბატონ კახას, რომლისადმი ჩემი უზომო მადლიერების გამოხატვას ყოველთვის საქმით უფრო შევეცდები ვიდრე უბრალოდ სიტყვებით…

ბონუსად:

Posted in საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 21 Comments

შეკითხვა განათლების მინისტრს


რატომ გვპირდებით ბატონო მინისტრო, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს, 5 წუთში ავტორიზაციის მიღებას, როცა კანონიერად ეს შეუძლებელია და ხელახალი ავტორიზაციის პროცედურა 6 თვეს ითვალლისწინებს?

იქნებ აქ არსებობს ერთი ვარიანტი მაინც შეკითხვის პასუხად, რომელ პასუხს ამოარჩევდით?
1. მე (მარგველაშვილი) ვარ ცრუ!
2. მე (მარგველაშვილი) არ ვიცი კანონმდებლობა.
3. მე (მარგველაშვილი) მაქვს შიგ!
3. ბენდუქიძე იუდა! ბენდუქიძე იუდა! სტუდენტები ბენდუქიძის მონები!

შეკითხვა, რომელზე პასუხიც ძალიან მაინტერესებს. იქნებ კითხოთ ჟურნალისტებმა ხელსაყრელ დროს, რადგან რა თქმა უნდა მე ვერ მივიღებ პასუხს აქ კომენტარის სახით.

გაცნობებთ, რომ განათლების მინისტრი 5 წუთში ავტორიზაციის აღდგენას დაგვპირდა, გუშინ კი ტელევიზიით განცხადებული იყო შემდეგი განცხადება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ: “მინდა გაცნობოთ რომ ცენტრში 15 მარტს საღამოს შემოვიდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კორესპონდენცია, საიდანაც ჩანს რომ ხარვეზი გამოსწორებულია. ეხლა კი წინ გვაქვს ავტორიზაციის პროცედურები. ცენტრი ორშაბათიდან მზადაა, რომ მუშაობა დაიწყოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ამ პროცედურებზე, რომ შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს პროოცესი.”

მისი დანაპირები რომ ასრულდეს, უნდა გაბათილდეს ავტორიზაციის საბჭოს 12 მარტის გადაწყვეტილება. ამიტომ თუ მას სინდისი დარჩენია ხვალ უნდა გვამცნონ შეკრებილ სტუდენტებსა და ჩვენს გულშემატკივრებს, რომ ეს გადაწყვეტილება ცნეს ბათილად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ახალ სასწავლო წელს უნივერსიტეტს მიღმა ვრჩებით გრძელი პროცედურების ხარჯზე. ბატონო მინისტრო, ნუ გვაბამთ ლამაზ ქაღალდებში შეფუთული “ჟუაჩკებით”.

ამ შეკითხვასთან ერთად, ეს სქრინშოტები უნდა შემოვუნახო ჩემს ბლოგს, რადგან არ მეგონა თუ ამდენის წერას რაიმე მოვლენა შემაძლებინებდა. ამდენს ვერაღარასდროს დავწერ ან ვილაპარაკებ, ამიტომ გაეცანით სინამდვილეს. სქრინშოტებზე ორ მეგობართან გაგზავნილი მესიჯებია:

ბენდუქიძე იუდა 1

მეგობარი I

ბენდუქიძე იუდა 2

მეგობარი II

უკეთესი პასუხი აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებულ ყველა დაინტერესებულ პირს:

აგრუნის სტუდენტების მიმართვა I

აგრუნის სტუდენტების მიმართვა II

Posted in საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , | 12 Comments

ყიყლიყო ერთი ჭიქა რძით


თითქმის ყოველი დღე ჩემს ცხოვრებაში ქუჩიდან გაგონილი ყვირილით „მაწონი, რძე, მალაკო“ იწყება რომელიც მაღვიძებს. ვდგები. პირ დაუბანელი ჩავდივარ ეზოში. ვყიდულობ რძეს, რამდენიმე სოფლის კვერცხს მაღაზიაში და ვბრუნდები სახლში. ვიხდი ტანზე და ისევ ლოგინში ვწვები, რადგან წუხანდელი გათენებული ღამის გამო უძილობა მკლავს. როცა ოჯახისწევრები სამსახურში წასასვლელად ემზადებიან მათი ხმაური მაღვიძებს, ვდგები და ტუალეტიდან პირდაპირ სამზარეულოში გავდივარ. ვიღებ კვერცხს. ვთქვეფ ღრმა თეფშში. პურს ვაწობ და ვდებ ორ ნაჭერ კვერცხიან პურს ცხელ ტაფაზე. შემდეგ გამზადებული საუზმით ვჯდები მაგიდასთან, მივირთმევ გემრიელ ყიყლიყოს, ვაყოლებ ერთ ჭიქა რძეს და ვფიქრობ: საიდან, როგორ მოაღწია რძემ და სამიოდე კვერცხმა რომ ჩემი დილის განუყრელი საკვები ყოფილიყო?

სოფელში ცხოვრება ყოველთვის ასეთი წარმომედგინა: ბებიები შვილიშვილებს ღუმელთან დამჯდარი ზღაპრებს უკითხავენ, ერთად აკეთებენ შემოდგომით ჩურჩხელას. ყოველი დილა კი ბებიას გამომცხვარი კექსით იწყებოა, მთელი ოჯახი რომ შემოუჯდება მაგიდას და ძველი ამბების გახსენების ფონზე მიირთმევენ კექსს, თან აყოლებენ მარწყვის კომპოტს. შემდეგ ბებია წინდების მოსაქსოვად ჯდება, სანამ შვილიშვილი სკოლიდან დაბრუნდებოდეს. მოსწავლის დაბრუნების შემდეგ  ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში, თავისუფალ დროს კი უზიარებს  თავისი დიდი ბებიის რეცეპტს, რომელიც თაობას უნდა გადასცდეს და არ დაიკარგოს, რადგან მისი ბებია ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებდა.

ერთი დღისით, როცა ყიყლიყო მივირთვი და მსუყე რძე დავაყოლე, ჩავალაგე ერთი ხელი  ტანსაცმელი და წავედი სოფელში. სოფელს ნუკრიანი ქვია. მივადეგი ერთ ოჯახს, ვისთან შეხვედრის საშუალებაც საერთაშორისო ორგანიზაციამ „ოქსფამი“  მომცა. ოჯახის დიასახლისს სახელად მარინა ერქვა. ის ღიმილით დამხვდა და შემიპატიჟა სახლში. ერთი დღე ვიცხოვრე ფერმერ მაშიკოსთან. ის 59 წლის ქალბატონია, აქვს ფერმა, ფერმაში კი უამრავი ცხოველი და ფრინველი.

marina shalvashvili

მისი ოჯახის ისტორია, საბჭოთა კავშირის ჭუჭყიან დროსთან არის დაკავშირებული, როცა მისი დედა პატარა გოგონათი ციმბირში გადაასახლეს. გადასახლების მიზეზი კი დღემდე ვერ გაურკვევიათ. ალბათ მამამისია დამნაშავე. ის კოლმეურნეობის ცხვარს მწყემსავდა და ალბათ მარჯვნივ გამწყემსვის ნაცვლად მარცხნივ გამწყემსა. ციმბირში მატარებლით ჩაყავდათ მაშიკოს დედა თავის შვილთან ერთად, როცა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და საზეიმო გამარჯვების აღნიშვნის დროს გამოიპარნენ მატარებლიდან.

მაშიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, ფიზიკის ფაკულტეტზე სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა და მიიღო განათლება. შემდეგ რუსთავში ცხოვრობდა ახალ დაოჯახებულ მეუღლესთან ერთად და მუშაობდა ახლო მდებარე სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად. 1987 წელს, როცა გაუსაძლისი გახდა მათი ცხოვრება რუსთავში, რისი მიზეზიც გაუფასურებული „მანეთით“ საკვების ყიდვის შეუძლებლობა გახლდათ. დედამისთან სოფელში გადაცხოვრდნენ, იმ დედასთან, რომელიც ციმბირში გადაასახლეს თავის შვილთან ერთად მეუღლის გარეშე.

რამდენიმე  წლის შემდეგ მაშიკომ ფერმის მოშენებისთვის ფულის დაგროვება დაიწყო. ყიდულობდა ზეთს, მიქონდა ბათუმში და ბევრი პრობლემებისდამიუხედავად რასაც მილიცია უქმნიდა და ჯიბგირები, მაინც ყიდდა და არჩენდა დედასთან მიბარებულ 3 თვის ბიჭსა და მეუღლეს.

შემდეგ განვლო გაჭირვების წლებმა და ზეთის ყიდვით შეგროვებული ფულითა და დედამისის დახვედრებული ერთი ძროხით შექმნა ფერმა, სადაც დაახლოებით 40 ცხვარია, 30 ღორი, 25 საქონელი, ბევრი ქათამი და ბევრი ინდაური. ასევე შეიძინა ვენახისათვის მიწა და გააშენა ვაზი. მაშიკოს ფერმაში თითოეულ საქონელს, საკუთარი სახელი აქვს. გავიცანი ჩალა, თეთრო, ია, ნიბლია…_DSC0543

მარინას დილა სულაც არ იწყება და არ მთავრდება ისე, როგორიც წარმომედგინა სოფელში მცხოვრები ქალისა. დილით დგება 6 საათზე, ამზადებს საუზმეს და მიდის ფერმაში. აცილებს საქონელს, ცხვარს საძოვრად. უმზადებს ნობათს მწყემსებს, რომლებიც დასაქმებული ყავს და უხდის ხელფასს. მას სულ 5 ადამიანი ყავს დასაქმებული ფერმაში. ერთი მწყემსის ოჯახი, იქვე ფერმასთან ახლად აშენებულ სახლში იცხოვრებს რამდენიმე დღეში, როგორც კი დასრულდება სახლის შეღებვა და კეთილმოწყობა. მანამ კი ფერმაში მიდგმულ ოთახში აცხოვრებს 2 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. მაშიკომ ეს ოჯახი კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოიყვანა. ისინი ძალიან გაჭირვებულები იყვნენ და მოწყალებაზე იყო დამოკიდებული დღეში ერთხელ გამოკვება. ახლა კი, მარინა მათ სახლითაც უზრუნველყოფს, საჭმელითაც, ყოველთვიური ხელფასით და ეხმარება 2 წლის ბავშვის გაზრდაშიც.

დღე საღორის დასუფთავებითს და ღორების კვებით გრძელდება. ღორებისა და სხვა ფრინველ/ცხოველის საკვებს იქვე ფერმასთან ახლოს მდებარე მიწაზე ამუშავებს თავისი მეუღლის დახმარებით. როცა საქმე იმდენი არ არის ფერმაში, რაც თითქმის ყოველ დღე, ის მწყემსავს ცხვრებსაც. დღის მიწურულს მაღაზიაში აბარებს  კვერცხს, რძეს, მაწონს, ან ფერმაში მისულ ხალხზე ყიდის. საბოლოოდ მისი დღე ღამის 2 ან 3 საათზე სრულდება. საწოლისკენ მიმავალი, შემდეგი დღისთვის ფიქრობს – დასაწყისისთვის ჯერ საღორე დაასუფთაოს, შეადედოს მაწონი, მივიდეს საქათმეში, აჭამოს ძროხებს, წავიდეს გასამწყემსად, მოწველოს ძროხა თუ გასხლას ვენახი. ფაქტობრივად, ოჯახისთვის მას დროც არ რჩება, თუნდაც იმისთვის რომ თავის ვაჟს რამდენიმე სიტყვა უთხრას, რაიმეს მოყოლასა და ოჯახური იდილიის შექმნაზე ოცნებაც კი არ ღირს მისთვის.

იმისდამიუხედავად რომ ის ძალიან დაკავებულია და ძლიან იღლება, ამ საქმის მიტოვება არ სურს. თუ შემოთავაზება ექნება კვლავ დაუბრუნდება სკოლასა და თავის საყვარელ მოსწავლეებს, პარალელურად ფერმის საქმეებისა.

ვინ იცის, ალბათ რამდენჯერ მიჭამია მაშიკოს ხელით აღებული კვერცხი საქათმიდან, რომელიც ჩემს მაღაზიაში მოხვედრილა. ვინ იცის, რამდენჯერ მქონია მსგავსი აზრები სხვადასხვა საკითხების მიმართ. მე ხომ მეგონა, სოფელში ცხოვრება მხოლოდ მოსიყვარულე ბებიის, ან დედის მიერ ზღაპრების კითხვა, დიალობით გამომცხვარი კექსი, ჩემს ჭიქაში მოხვედრილი რძე, თეფშზე მოხვედრილი ყიყლიყოსთვის განკუთვნილი კვერცხი, უბრალოდ კვერცხი იყო, რომელიც ქათამმა დადო და ჩემი საუზმის განუყრელი ნაწილი გახდა წლების განმავლობაში. ახლა კი ვიცი, ერთი ჭიქა რძე და სამი კვერცხი უამრავი შრომთ მოპოვებული ოქროა.

IMG_3978

ფერმერი მაშიკო საერთაშორისო ორგანიზაცია ოქსფამის მიერ ორგანიზებულ კონკურსში Female Food Hero იღებს მონაწილეობას. მე კი მისი ლობისტი ვარ კონკურსში. შედით ამ აპლიკაციაში, მოძებნეთ მარინა შალვაშვილი და მოგვეცით ხმა, დაეხმარეთ მას გამარჯვებაში. ვიდეო ამბავი მაშიკოს შესახებ.

Posted in საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments